ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ძვალ-სახსართა პათოლოგიები >>ჟურნალი N59
სახსრის ანთებითი დაავადებები

აამუშავეთ სახსრები
 სახსარს არცთუ ისე მარტივი აგებულება აქვს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძვლები, ხრტილები, იოგები, მყესები, სინოვიური გარსი – ყველა სტრუქტურა გამართული უნდა იყოს, რათა სახსარმა იმუშაოს, მაგრამ ეს ნატიფი მექანიზმი ხშირად მწყობრიდან გამოდის და “დასაქოქად” დიდ ძალისხმევას ითხოვს.
რატომ ზიანდება სახსრები? შესაძლებელია თუ არა დაავადებული სახსრის განკურნება? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ონიანი.

ქალბატონო ქეთევან, რა სახის დაზიანებაა მოსალოდნელი სახსრებში?
– სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათისა, განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა. ყველაზე მეტად კი გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი. ეს ის არის, რასაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ. ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი მოჰყვება. ეს უკანასკნელი მეორეულია ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებასთან შედარებით, ამიტომ ტერმინი “ოსტეოართრიტი”, რომელსაც ხშირად იყენებენ უცხოეთში, მართებული არ არის, ვინაიდან დაავადების არსს არ ასახავს.
ოსტეოართროზი მოიცავს ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზს, სპონდილოზს და პერიფერიული სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის და ა. შ.) ართროზს. ბოლო ხანს შეიმჩნევა სახსრების მრავლობითი დაზიანების ტენდენცია, ამიტომ აღნიშნულ დაავადებას პოლიოსტეოართროზად იხსენიებენ.
სახსრის ანთებით დაზიანებას მრავალი  მიზეზი აქვს. მათ კვალობაზე, განასხვავებენ აუტოიმუნური ხასიათის რევმატოიდულ და ფსორიაზულ, ინფექციით განპირობებულ – ტუბერკულოზურ, გონორეულ, ვირუსულ, ენტეროკოლიტურ  ართრიტებს და სხვა.
რევმატოიდული ართრიტის კლინიკური ფორმებიდან (ფსევდოსეპტიკური და ფელტის სინდრომი) გამოყოფენ იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტებს, რომლებიც ბავშვთა დაავადებაა და შესაძლოა, წლამდეც კი იჩინოს თავი.
გარდა ამისა, გვხვდება სისტემური დაავადებების, მაგალითად,  სისტემური წითელი მგლურასა, სისტემური ვასკულიტების, რევმატიზმის, ბეხტერეევის დაავადების (მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის), ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მაგალითად,  პოდაგრის, ოქრონოზის, პიროფოსფატური ართროპათიის, ჰემოქრომატოზის ფონზე განვითარებული ართრიტები.
ხშირად ადამიანი სახსრის ტკივილს რევმატიზმს აბრალებს. რეალურად რამდენად ხშირია სახსრის რევმატული დაზიანება?
– მართლაც, ბევრი მოგვმართავს ჩივილით, რომ სახსრები სტკივა და “რევმატიზმები” აქვს. ამ დროს ტკივილის მიზეზი უმეტესად ოსტეოართროზია. რევმატიზმი ინფექციური ეტიოლოგიის სისტემური  დაავადებაა, რომელიც A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან არის დაკავშირებული. მისი მიზეზია მწვავე ინფექციური დაავადება, მაგალითად, სინუსიტი, ტონზილიტი. ინფექცია ერთგვარი გამშვები მექანიზმია, რომელიც რთავს აუტოიმუნურ პროცესს. იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულებით საკუთარი ქსოვილის დაზიანებას და საბოლოოდ გულის სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. გამოთქმაც კი არსებობს: რევმატიზმი ლოკავს სახსრებს და კბენს გულსო.
უწყობს თუ არა ხელს ნესტიანი გარემო სახსრის რევმატული დაავადების ჩამოყალიბებას?
– ასეთი ჩივილით მართლაც ბევრი მოგვმართავს. იმასაც აღნიშნავენ, რომ დასავლეთ საქართველოს იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ტენი ჭარბადაა, თავს შეუძლოდ გრძნობენ, სახსრები სტკივათ, უმძიმდებათ, მაგრამ საკმარისია, თბილისში ჩამოვიდნენ, რომ უმალვე შვებას გრძნობენ.
ეს პრობლემა უპირატესად იმ ადამიანებს აწუხებთ, რომელთაც ჰიპერმობილობის სინდრომი აღენიშნებათ. მათ გრძელი იოგოვანი აპარატი და, ამის კვალობაზე, ჭარბი შემაერთებელქსოვილოვანი მასა აქვთ. ისევე, როგორც ფრინველებს უჭირთ ნოტიო ამინდში მაღლა ფრენა, ჰიპერმობილობის სინდრომის მქონე ადამიანიც თავს შეუძლოდ გრძნობს: სიმძიმის შეგრძნება აწუხებს, სახსრებში სტეხს. მშრალ ამინდში დისკომფორტი ქრება.
კიდევ ერთი გავრცელებული შეხედულების თანახმად, სახსრებისთვის მარგებელია ურეკის ქვიშა...
– ართრიტისა და ართროზის დროს სახსრებზე ცხელი ქვიშის სითბური ზემოქმედება დადებით შედეგს არ იძლევა. ურეკი კარგია მცირე ასაკის ბავშვებისათვის, რომლებსაც D ვიტამინის გამოსამუშავებლად ულტრაიისფერი სხივები უხვად სჭირდებათ.
ერთადერთი სარგებლობა, რომელიც ურეკმა შეიძლება მოუტანოს ართრიტით ან ართროზით დაავადებულს, არის ის, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მეტად ეფექტურია ცურვა, თუმცა ცურვა შეიძლება სხვა კურორტებზეც და, უბრალოდ, აუზშიც.
რა ნიშნები ახასიათებს ართრიტს? როდის უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს?
– სახსრის ანთებითი დაავადება, ნელა პროგრესირებადი ართროზისგან განსხვავებით, ისე უეცრად და აგრესიულად იწყება, რომ შეუძლებელია, ყურადღება არ მიიქციოს.
რევმატოიდულ ართრიტს ახასიათებს დილის შებოჭილობის სინდრომი: ახალგაღვიძებულ ადამიანს უჭირს სახსრის გაშლა, ხშირად თმის დავარცხნაც კი  არ შეუძლია და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.
რევმატოიდული ართრიტის დროს სახსრები სიმეტრიულად ზიანდება. ავადმყოფი უპირატესად მტევნების წვრილი სახსრების დეფორმაციას, ტკივილსა და შეშუპებას უჩივის, რაც დასასრულ მათ ფუნქციურ უკმარისობაში გადაიზრდება. ფსორიაზული ართრიტის დროს სიმეტრიულობა და მტკივნეულობა ნაკლებად არის გამოხატული.
რევმატოიდული ართრიტის დროს სხივ-მაჯისა და მტევნის წვრილი სახსრებთან ერთად მუხლისა და სხვა სახსრების, ასევე ხერხემლის ტკივილიც აღინიშნება.
არცთუ იშვიათად დაავადება მაღალი სიცხითა და ზოგადი სისუსტით ვლინდება.
კიდევ უფრო აგრესიულია იუვენილური რევმატოიდული ართრიტის კლინიკური ფორმა – ეგრეთ წოდებული სტილის სინდრომი. დაავადება მაღალი ცხელებით, ვისცეროპათიით (ლიმფადენოპათია, სპლენომეგალია, კარდიტი, პოლისეროზიტი, ნეფრიტი და სხვა) მიმდინარეობს. ბავშვებში  მას ატიპური მიმდინარეობა ახასიათებს: სახსრების დაზიანება არასიმეტრიულია, შესაძლოა, უეცრად დადგეს რემისიის რამდენიმეწლიანი პერიოდი ან ჩამოყალიბდეს მძიმე გართულება ამილოიდოზი – ცილა ამილოიდის ექსტრაცელულარული ჩალაგება სხვადასხვა ორგანოში. ეს იმით არის განპირობებული, რომ ბავშვის იმუნური სისტემა ძალზე რეაქტიულია.
50 წელს გადაცილებულ ადამიანებში რევმატოიდულ ართრიტს უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, საზოგადოდ კი დაავადების მსვლელობა იმუნური სისტემის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.
რის საფუძველზე სვამენ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზს?
– დიაგნოზის დასასმელად ანამნეზთან ერთად აუცილებელია ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგები. ლაბორატორიული კვლევა ავლენს C-რეაქტიული ცილის, ედსის, სერომუკოიდის მომატებას, რევმატოიდული ფაქტორის არსებობას, ანემიას და სხვა. დაავადების სტადიის განსაზღვრის ძირითადი მეთოდი კი ხელის მტევნების რენტგენოლოგიური კვლევაა.
როგორ მკურნალობენ ართრიტს?
– სახსრის ანთებითი დაავადების მკურნალობა კომპლექსურია. უწინარეს ყოვლისა, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და სტეროიდული მედიკამენტები, ბაზისური თერაპია, რომლის ზემოქმედებითაც აგრესიული იმუნური სისტემა უნდა დათრგუნოს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საჭიროა სიმპტომური მკურნალობაც. მაგალითად, თუ დაავადება გართულებულია ვასკულიტით (სისხლძარღვის ანთებით), ინიშნება კოაგულანტები და მიკროცირკულანტები, შებოჭილობის, მოხრითი კონტრაქტურის შემთხვევაში – მიორელაქსანტები ანუ კუნთების მომადუნებელი ეფექტის მქონე მედიკამენტები. არანაკლებ მნიშვნელოვანია მკურნალობაში ფიზიოპროცედურების, ბალნეოთერაპის ჩართვა. ლოკალურად ექსუდაციური პროცესის ჩასაქრობად ტარდება სახსარშიგა ინექციები.
საზოგადოდ, მკურნალობის მიზანი ის არის, რომ მწვავე პროცესი ქრონიკულში  გადავიყვანოთ და მდგომარეობა დავასტაბილუროთ ანუ დაავადების პროგრესი შევაჩეროთ.
განკურნება შესაძლებელია?
– ართრიტით დაავადებული ადამიანი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ მოუწევს, მთელი ცხოვრება იმკურნალოს და აკონტროლოს მდგომარეობა, თუმცა თანამედროვე მედიკამენტების წყალობით ეს არცთუ ისე ძნელია.
რა მნიშვნელობა აქვს კვებას? საჭიროა თუ არა, ართრიტით დაავადებულმა განსაკუთრებული დიეტა დაიცვას?
– ამ დაავადების მკურნალობისას კვებას არავითარი  მნიშვნელობა არ აქვს. დიეტის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ რევმატოიდული ართრიტი თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით არის გართულებული.
სასურველია, ართრიტის მკურნალობის დროს ვერიდოთ მჟავე, ცხარე და მწარე საკვებს – ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, აგრესიული საკვები კი გასტრიტის ჩამოყალიბების ალბათობას უფრო მეტად გაზრდის.
მისაღებია თუ არა ართრიტით დაავადებული ადამიანისთვის ფიზიკური დატვირთვა?
– არამცთუ მისაღები, სასარგებლოც კია, ოღონდ ზომიერი. დიდ სპორტზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.
ვარჯიშის ინტენსიურობა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. ართროზის მე-3 და მე-4 სტადიებში ვარჯიში მწოლიარე და მჯდომარე მდგომარეობაში უნდა შესრულდეს, რადგან ვერტიკალურად ვარჯიშისას ტრავმის მიღების ალბათობა მეტია.
ტკივილი პრობლემის არსებობაზე მიგვანიშნებს. როცა ტკივილით განცდილი დისკომფორტი იხსნება, აუცილებელია სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება, აქ კი ართრიტის შემთხვევაში – 30-40%, ხოლო ართროზის დროს 50% სწორი ვარჯიშის წილად მოდის.
დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?
– ვურჩევ, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, იზრუნონ ნორმალური წონის შესანარჩუნებლად, ივარჯიშონ, იცურაონ და, რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში სპეციალისტს მიმართონ, რათა თავიდან აიცილონ დაავადების აგრესიულ მიმდინარეობას და პროგრესირება.

გაჭიმე!
დაზიანებული, გაცვეთილი სახსრები მწყობრიდან გამოსული მექანიზმივითაა – ამუშავება ჭირს, ხოლო თუ მეტისმეტი მოინდომე, შესაძლოა, აჭრიალდეს კიდეც... დაიჯერეთ? სიმართლე კი ის არის, რომ სახსარს, მით უმეტეს, დაზიანებულს, მუდმივი ვარჯიში სჭირდება.
 ართრიტით დაავადებულთა უმრავლესობა სახსრებს ზოგავს, რასაც სახსართა გაზარმაცებამდე, კუნთების მოდუნებამდე და მოძრაობის გაძნელებამდე ან უმოძრაობამდე მივყავართ.
დაიხსომეთ: ვარჯიშის სახეობა ექიმმა უნდა შეარჩიოს. არასწორად შესრულებული ვარჯიში ხშირად ჯანმრთელ სახსარსაც კი ვნებს; “გაცვეთილი” სახსრისთვის ტრავმის რისკი უფრო მაღალია.

მეტი ელასტიკურობისთვის
არსებობს ვარჯიშთა მთელი წყება (პირობითად მას ფლექს-ვარჯიში ვუწოდოთ), რომელიც სახსართა ელასტიკურობის აღდგენაში დაგეხმარებათ. ვარჯიში გაზარმაცებულ სახსრებს აამუშავებს და გაახურებს. თუ დილის შებოჭილობის სინდრომი გაწუხებთ, ამგვარი დატვირთვა სახსრების “დაქოქვაში” დაგეხმარებათ. სახსრებისთვის ელასტიკურობის დასაბრუნებლად იდეალურია იოგა, ტაი ჩი... სულ რაღაც 15 წუთია საჭირო, რათა იოგები, მყესები და კუნთები გახურდეს და ამუშავდეს. თუ სახსრები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ფიზიკურად უფრო მეტად დაიტვირთოთ, გირჩევთ, ძალისმიერი და აერობული ვარჯიშებიც სცადოთ, თუმცა მოთელვისთვის ფლექს-ვარჯიში ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ.

მოიკრიბეთ ძალა
დაზიანებულ სახსრებს ზედმეტი ძალა რომ არ დაადგეს, კუნთებმა უნდა იყოჩაღონ. სწორედ კუნთოვანი ქსოვილის მოსაძლიერებლად შეუქმნიათ ძალისმიერი ვარჯიშები. ისინი ორნაირია: იზომეტრიული და იზოტონური. პირველის შესრულებისას სახსარი სრულიად არ იტვირთება, მხოლოდ კუნთი ვარჯიშდება, მეორის შესრულებისას კი ძალა ადგება როგორც კუნთს, ისე სახსარს. ამის მაგალითად გამოდგება მოძრაობა, როდესაც მჯდომარე ფეხს მაღლა სწევთ და მუხლში მართავთ.
გაითვალისწინეთ: ძალისმიერი ვარჯიშის შესრულება ყოველ მეორე დღეს არის რეკომენდებული, თანაც აუცილებლად მოთელვის შემდეგ.

დატვირთეთ გული
არსებობს ვარჯიშები, რომლებსაც კარდიოვასკულურს ან აერობულსაც უწოდებენ. მათი შესრულებისას სხეულის უდიდესი კუნთები რიტმულად, ხანგრძლივად იტვირთება, მიზანი კი გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, კუნთების მუშაობის გაუმჯობესებაა. აერობული ვარჯიშები აძლიერებს ძვლებს, ხსნის სტრესს, დეპრესიას, აწესრიგებს ძილს.
კარდიოვასკულური ვარჯიშების შესრულებისას მნიშვნელოვანია პულსის მონიტორინგი. მაღალი კლასის ფიტნეს-ცენტრებში არის ტრენაჟორები, რომლებიც გულისცემას ითვლის, ასე რომ, იოლად დაინახავთ, გააუმჯობესეთ თუ არა შედეგი, ხოლო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყველა თანამედროვე ფიტნეს-ცენტრში ჰყავთ, დაგეხმარებათ, დატვირთვა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით შეარჩიოთ.
აერობულ დატვირთვებს შორის ყველაზე პოპულარულია ცურვა, ველოსიპედით სიარული, ცეკვა, ფეხით სიარული.
 ართრიტის დროს მოდუნებული კუნთებისა და გაზარმაცებული სახსრების გასავარჯიშებლად სეირნობა იდეალური საშუალებაა. ამ დროს ვარჯიშდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვები და კუნთები, ხოლო ძვლები უფრო მკვრივი ხდება, რასაც ართრიტით დაავადებულისთვის, რომელიც ჰორმონოთერაპიას იტარებს, ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ჰორმონული მედიკამენტები ხომ ძვლების გამოფიტვას უწყობს ხელს.

წყლით მოგვრილი შვება
წყლის პროცედურები, აკვააერობიკა და სპა-თერაპია გადაღლილი და შელახული სახსრების უებარი წამალია. მეტისმეტ თავგამოდებას და ოლიმპიური რეკორდის დამყარებას არავინ გთხოვთ, წყლის სტიქიაში ზომიერი ვარჯიში კი ურიგო ნამდვილად არ იქნება, რადგან:
. თბილი წყალი ტკივილს ამსუბუქებს.
. თბილ წყალში სისხლძარღვები ფართოვდება, რაც მისი ცირკულაციის გაუმჯობესებას იწვევს.
. სპა-პროცედურების დროს სწორად შერჩეული მასაჟი კუნთებისთვის სასარგებლოა.
. წყალი მოდუნებასა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
წყლის პროცედურების დაწყებამდე კონსულტაციისთვის უთუოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს – შესაძლოა, მან ასეთი ვარჯიშებისგან თავის შეკავება ან განსაკუთრებული სიფრთხილე გირჩიოთ. მაგალითად, თუ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ან დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, ყვინთვისას ფრთხილად უნდა იყოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისა და ხანში შესულებისთვის ხანმოკლე პროცედურები უნდა შეირჩეს. დაბოლოს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას – ის თქვენი ორგანიზმისთვის კომფორტული უნდა იყოს.

დაიხსომეთ:  სახსრის ანთებითი დაავადების გამწვავებისას, როდესაც სახსარი ძლიერ მტკივნეული, შეშუპებული და შეწითლებულია და კიდურის მოხრაც ფაქტობრივად შეუძლებელი, ფიზიკური დატვირთვა არამც და არამც არ შეიძლება.

უფრო აქტიური, უფრო ჯანმრთელი
ბავშვებს შორის რევმატოიდული ართრიტი არცთუ იშვიათია. სახსრების ანთებას, რომელიც მცირე ასაკში იწყება, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (ირა) ეწოდება. ანთება ბავშვებშიც ისეთსავე პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, როგორსაც მოზრდილებში: იმუნური სისტემა, ნაცვლად იმისა, რომ გარედან შეჭრილ უცხო აგენტებს გაუმკლავდეს, საკუთარ ქსოვილს ერჩის და სახსრის სტრუქტურებს აზიანებს.
შეწითლებული, მხურვალე, მტკივანი სახსარი ანთების მაუწყებელია. მცირე ასაკში არცთუ იშვიათია სხეულის ტემპერატურის მატებაც.
ირა სამი ტიპისაა:
. ოლიგოარტიკულური. ამ დროს ოთხი ან უფრო ნაკლები სახსარი ზიანდება. შეშუპება, სიწითლე და ტკივილი უმთავრესად მუხლისა და მაჯის სახსრებში იჩენს თავს. შესაძლოა, ბავშვს თვალის ფერადი გარსიც დაუზიანდეს და ანთებითი ცვლილებები განუვითარდეს. ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.
. პოლიარტიკულური. ამ შემთხვევაში ანთება ხუთზე მეტ სახსარს მოიცავს. ართრიტის ამ ფორმით უმთავრესად გოგონები ხდებიან ავად. მათ აწუხებთ როგორც მსხვილი, ისე წვრილი სახსრების ტკივილი, დაბალი (სუბფებრილური) ტემპერატურა.
. სისტემური. ამ დროს სახსრების უმრავლესობა ანთებითია. დილაობით ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, რომელიც შესაძლოა ერთბაშად დაუვარდეს. სიცხის დროს ბავშვი ფერმკრთალია, მივარდნილია, შესაძლოა, კანზე გამოაყაროს კიდეც. არცთუ იშვიათად ელენთა და ლიმფური კვანძები გადიდებულია.

დაქოქეთ მექანიზმი
სახსარი ლითონის მექანიზმს ჰგავს: თუ დიდხანს არ დაქოქე, შესაძლოა, დაიჟანგოს და ერთ მშვენიერ დღეს მწყობრიდან გამოვიდეს. ჟანგისგან დასაცავად აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა.
ცურვა, ველოსიპედის მართვა ბავშვისთვის მარტო იდეალური დატვირთვა კი არა, არაჩვეულებრივი გასართობიც არის. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, დაეხმარეთ პატარას, გაივარჯიშოს სახსრები და გაიმაგროს კუნთები. მარტივი ვარჯიშები კი შინაც შეიძლება შეასრულოს.
ვიდრე ბავშვი ვარჯიშს შეუდგება, ურიგო არ იქნება, რამდენიმე წესს გაეცნოთ:
. ვარჯიშამდე აუცილებელია მოთელვა, ვარჯიშის დასასრულს კი გახურებული სახსრების გასაგრილებლად დამზოგავი, მსუბუქი მოძრაობების შესრულებაა საჭირო – ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ერთბაშად შეწყვეტა არ შეიძლება.
. არ არის მიზანშეწონილი ვარჯიში საწოლზე, საზოგადოდ, რბილ ზედაპირზე.
. ყველა მოძრაობა ნელა და ფრთხილად უნდა შესრულდეს.
. თითოეული სავარჯიშო 3-4-ჯერ მაინც შეასრულეთ. თუ სახსრები მეტისმეტად არ გადაიტვირთება, შესაძლებელია ჯერადობის გაზრდაც.
. ბავშვმა დროებით უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, თუ ფიზიკური დატვირთვიდან ორი საათის განმავლობაში სახსარი ასტკივდა. ექიმის მითითებით ვარჯიშის განახლება შესაძლებელია, ოღონდ ამჯერად მას უფრო ნაკლები დრო უნდა დაუთმოთ და გაცილებით მარტივი მოძრაობებით დაიწყოთ.
დაიხსომეთ: ბავშვს, რომელსაც სახსრის პრობლემები აწუხებს, ორმაგად სჭირდება გამხნევება. ასე რომ, ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს, ყოველი სავარჯიშოს შემდეგ შეაქეთ და აღნიშნეთ, რომ დღითი დღე უფრო და უფრო უკეთ გამოსდის.

ვარჯიში
მხრებისთვის
დაწექით იატაკზე, ხელები სხეულის გასწვრივ მოათავსეთ. იდაყვში გამართული ცალი ხელი ნელა  ასწიეთ და ისე გადაიტანეთ უკან, რომ იატაკს შეახოთ. ნელი მოძრაობით ხელი კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნეთ და იგივე მოძრაობა მეორე ხელით შეასრულეთ.
კისრისთვის
დაჯექით გამართული და მიაბრუნეთ თავი ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.
ფეხებისთვის
დადექით პირით კედლისკენ და ხელისგულებით მხრის დონეზე მიეყრდენით კედელს. ცალი გამართული ფეხი უკან გასწიეთ, მთელი ტერფით მყარად დადგით იატაკზე და ასე გაჩერდით, ვიდრე გაშლილი ფეხის კუნთებსა და სახსარში დაჭიმულობას არ იგრძნობთ. შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე მოძრაობა შეასრულეთ მეორე ფეხით.
კისრისა და გულმკერდისათვის
დაწექით მუცელზე, ხელები სხეულის გასწვრივ მოათავსეთ. თავი და მხრები ზემოთ ასწიეთ, ასე რამდენიმე წამით გაჩერდით და კვლავ ქვემოთ დაუშვით.
მუხლებისა და ბარძაყებისთვის
დაწექით ზურგზე. მოხარეთ მუხლი და შეეცადეთ გულმკერდისკენ მოზიდოთ. გაიმეორეთ მეორე ფეხითაც.   
ბარძაყებისთვის
დაწექით მუცელზე, ცალი გამართული ფეხი მაღლა ასწიეთ. ეცადეთ, არ მოხაროთ. დაუშვით ფრთხილად. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ და შემდეგ მეორე ფეხზე გადადით.

წაისვი და დაიამე
ართრიტი განაჩენი არ არის, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობა ნამდვილად სჭირდება. ზოგჯერ თერაპია მთელი სიცოცხლე გასტანს. მკურნალობის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ტკივილი გაივლის, სახსარი უფრო მოძრავი ხდება... თუმცა სწრაფი შედეგის მისაღწევად აბები ყოველთვის არ კმარა. ძალიან ეფექტურია ადგილობრივი მოქმედების გელები, თუმცა მათი არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ უნებლიეთ დაიბნევი.

ტკივილგამაყუჩებელი გელებისა და კრემების უმრავლესობას მსგავსი შემადგენლობა აქვს, თუმცა პატარ-პატარა განსხვავებებიც ახასიათებს: ზოგიერთი  ახურებს, ზოგიერთი კი აგრილებს, ზოგიერთი უპირატესად ანთების ჩასაქრობად არის განკუთვნილი, ზოგიერთი კი ტკივილის მოსახსნელად... რაც მთავარია, ადგილობრივად მოქმედი ეს საშუალებები მტანჯველი ტკივილისგან გვათავისუფლებენ, რასაც უმთავრესად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) ნივთიერებების წყალობით ახერხებენ. ასეთია:
. დიკლოფენაკის შემცველი საშუალებები: დიკლოფენაკის გელი, დიკლაკის გელი, ვოლტარენ-გელი;
. კეტოპროფენის შემცველები: ფასტუმ-გელი, ეფ-გელი, ფლექსენი, ტოპოგელი;
. იბუპროფენის შემცველები: დიპ რილიფი;
. ნიმესულიდის შემცველები: ტოროგელი.
ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წასმა სასიამოვნოა არა მარტო იმიტომ, რომ მტანჯველ ტკივილს აქრობს, არამედ იმიტომაც, რომ კანს ესალბუნება, აგრილებს ან ოდნავ შეახურებს ხოლმე. ასეთ მოქმედებას ამ გელებსა და კრემებში შემავალ მცენარეულ და ცხოველურ ნივთიერებებს – პიტნას (მენთოლს), ევკალიპტს, წიწაკას, გველისა და ფუტკრის შხამს უნდა ვუმადლოდეთ.
გაგაგრილებთ: დიპ რილიფი, ფასტუმ გელი, რევმაკრემი, პერსკინდოლის გელი, ეფკამინი, ფინალგელი.
გაგახურებთ: კაფსიკამი, ვიპროსალი B, ნაიატოქსინი, აპიზარტრონი.
გამახურებელ ეფექტს ფლობს ფინალგონიც, თუმცაღა არც მცენარეულ კომპონენტებს შეიცავს და არც ცხოველურს. მისი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება საკმაოდ ძლიერია.
გარდა გელებისა, სახსრების ტკივილს დაგიამებთ ხსნარები, მაგალითად, მენოვაზინი, რომელიც გამაგრილებელ ეფექტს ფლობს, წიწაკის პლასტირები და სპრეები: პერსკინდოლი, კეტოსპრეი, პრონტოკეტი.
რა საშუალებაც არ უნდა გამოიყენოთ, შედეგი ერთნაირია: ტკივილისა და დისკომფორტის შემცირება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – გაქრობა. გამახურებელი ეფექტის მქონე საშუალებების გამოყენებისას კანი წითლდება და, თავისთავად, ხურდება კიდეც. ეს ბუნებრივი რეაქციაა და ნუ შეგეშინდებათ. ამგვარი საშუალებები, როგორც გელები, ისე აეროზოლები და პლასტირები, უფრო კუნთის დაჭიმულობის მოსახსნელად გამოგადგებათ, თუმცა სახსრის ტკივილსაც მოგიხსნით.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების წასმის შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ. ხელს დაბანამდე თვალზე ნუ მოისვამთ – შესაძლოა, თვალის ლორწოვანი გაგიღიზიანოთ.
კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ: მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი საშუალების გამოყენებისას ტკივილი ქრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ართრიტისგან განიკურნეთ. სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება უთუოდ გააგრძელეთ.

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად